Wednesday, November 5, 2014

                                       ძაღლი საშიშიაა??



     ხშირია შემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ექიმმა ორსულ ქალს კატეგორიულად მოსთხოვა ძაღლის გაშვება ბინიდან. მიზეზებს, როგორც სჩანს, ყველა ადამიანისთვის გასაგებ უბრალო ენაზე ხსნიან: ძაღლის და კატის ბეწვი გადაყლაპვისას ან ჩასუნთქვისას იწვევს ინფექციებს, რომლებიც ძალიან საშიშია, მაგალითად ექინოკოკი.  
    


 ის კი არა მრავალი გამოკვლევა კეთდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხოველის ყოლა გულის ოპერაციის და სხვა მძიმე მდგომარეობის შემდეგ, აორმაგებს და ასამმაგებს გადარჩენის შანსებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგრამ თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ცდებიან და ძაღლი და კატა მართლაც არაა საშიში ადამიანისათვის, მითუმეტეს ორსულის და ჩვილის ჯანმრთელობისათვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოსატანია სააშკარაოზე. მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ცხოველების სახლიდან გაშვების მოწოდება ერთ–ერთი მიზეზია საქართველოში და განსაკუთრებით კი მის ქალაქებში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფისა. დიახ ტერმინები ჰუმანიზმი და ჰუმანიტარული კატასტროფა ცხოველების მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ და მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამიტომ მეტად საინტერესო იქნება ვეტერინარის მოსაზრებები ექიმის მოსაზრებების საპირისპიროდ. მივმართე ჩვენს ვეტერინარებს პროფესიული პასუხისათვის. და პასუხიც მივიღე: 


აი, რას ფიქრობს ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომლითაც ექიმები აშინებენ მომავალ დედებს და მშობლებს." ძაღლის გაშვება ბინიდან, როდესაც პატარას ელით ან უკვე გყავთ, საკმაოდ ხშირი რეკომენდაციაა ექიმების მხრიდან, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, -ბუნებრივია ასეთი რამ სიკეთის მომტანი არ არის და შედეგიც არანაირია. მედიცინის მუშაკთა მეტი ნაწილი, ამჯერად საუბარია თერაპევტებზე, გინეკოლოგებზე, პედიატრებზე და ა.შ. არც კი ერკვევიან პარაზიტოლოგიაში. არ იციან რა არის ანთროპოზოონოზური დაავადებები, არ იციან დაავადებების გავრცელების მექანიზმები, ანალოგიურად დიდი დელეტანტობით გამოირჩევიან რაბიოლოგიაში, რაც ძალიან საწყენია და არაფრის მომცემი. 
თუ ძაღლი გყავთ ბინაში, მას მოვლა სჭირდება. ბეწვი არის იგივე თმა, რომელიც არავითარ დაავადებას არ იწვევს, თუ ძაღლს უტარდება ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება. ერთადერთი მიზეზი (ძაღლის ბინაში ყოლის ეჭვქვეშ დაყენბისა) შეიძლება იყოს ალერგია ბეწვზე, და არც ეს არის გადაულახავი პრობლემა. ძაღლი სათამაშო არაა. ის ოჯახის წევრია, რომელსაც დიდი სიხარულის შემოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. პ.ს. რა თქმა უნდა იგივე ეხება კატებსაც." – ვეტერინარი აკაკი რუაძე.

თუ ალერგიულები არ ვართ, რაც ახალი დროის უბედურებას წარმოადგენს, სხვანაირად ჩვენი ორგანიზმი შეგუებულია ძაღლსაც და კატასაც. სხვა საქმეა, თუკი ჩვენი ორგანიზმი არაა შეგუებული 1 პარაზიტს, რომლის გადადების საშიშროება მცირე ალბათობით არსებობს ცხოველისაგან ( და არა მარტო ცხოველისაგან. მაგალითად ბაღჩეულის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან არსებობს იგივე პარაზიტების გადადების ალბათობა, რომელსაც ყველა უგულვებელყოფს რადგან იგი კუჭს – ყველა დროის ბომონას, ეხება?) და სულ რამოდენიმე მსუბუქი ზომის მიღებით მისი პრევენცია შესაძლებელია. 



სუფთა, უპარაზიტო ბეწვი, ორგანიზმში მოხვედრისას სრულიად უპრობლემოდ გამოდის გარეთ ბუნებრივი გზებით ( ან ბრონქები ამოაგდებენ სითხესთან ერთად ზევით, ან ნაწლავების გზით გაივლის ორგანიზმს ისე როგორც ჩვენი და ჩვენი ახლობლების თმები რომელთა ჩაყლაპვის მრავალი გზა არსებობს). ის ისეთივე უვნებელია, როგორც კარგად დაბანლი ადამიანის თმა. დაუბანელი ტურტლიანი ადამიანის თმა შესაძლოა უფრო საშიშიც იყოს. 

ექიმებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ცხოველის ბეწვი არ იწვევს ალერგიას-რაც ალერგოლოგების ტესტირების შედეგად უნდა დადგინდეს, არ არის საშიში! ბეწვი და ცხოველი მთლიანად, თუ ცხოველს, პატრონი სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს აძლევს, არ არის საშიში! თუ ცხოველი დაყავთ ვეტერინართან, რომელიც უტარებს გეგმიურ ვაქცინაციებს ცოფზე , და სხვადასხვა დაავადებებზე, არც ცხოველი და არც მისი ბეწვი არ არის საშიში! ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ექიმებმა და თავისი სუბიექტური აზრი თავისთვის შეინახონ! ცხოველი ცოცხალი არსებაა და მასაც უნდა სიყვარული ადამიანებისგან, მასაც უნდა ალერსი და დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში, ეს ყველამ უნდა შევისისხლხორცოთ."





No comments:

Post a Comment